ახალციხეში დანიელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ამინდის გაუარესებისას ქუჩა იტბორება და წყალი საცხოვრებელ ბინებში აღწევს. გარდა ამისა, მათ გარე განათების არარსებობა და სანიაღვრე არხების პრობლემაც აწუხებთ.
ამორტიზებული გზა, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების არარსებობა, წვიმისგან დაზიანებული სახლები -ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია რომელიც ახალციხეში დანიელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ასწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ გზა მთლიანად გადათხრილია და უამინდობის დროს, ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელია. გარდა ამისა, დანიელაშვილის ქუჩის მკვიდრებს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ დარჩენილი ორმოები აწუხებს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ასე გამოიყურება. ადგილობრივების მტკიცებით მათ მთავრობისგან არაერთი დაპირება მიიღეს თუმცა, გზა ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
დანიელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გზის რეაბილიტაციისა და გარე განათების დამონტაჟების თაობაზე დაპირება ქალაქის მერისგან წინასაარჩევნოდ მიიღეს, თუმცა იგი ამ დრომდე არ შესრულებულა. ახალციხის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურში განმარტავენ, რომ მოხერხდება თუ არა მიმდინარე წელს დანიელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, უცნობია. გელვასი გელაძის თქმით, ქუჩაზე ჯერ მხოლოდ სანიაღვრე არხების კოლექტორების გაკეთებაა დაგეგმილი
გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის ფილიალში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ დანიელაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაა დასრულდა. გზის საფარის მოწესრიგება კი კლიმატური პირობების გაუარესების გამო ვერ მოხერხდა.