შსს-მ ახალციხეში
მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზეზვა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული ლუკა გ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამა-შვილმა – ზეზვა გ-მ და ლუკა გ-მ ფარულად შეაღწიეს ახალციხეში, საფინანსო სააგენტოს ტერმინალის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც „ურალი“-ს მარკის დალუქული ავტომანქანიდან 2 აკუმულატორი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ზეზვა გ-მ, თავის არასრულწლოვან შვილთან, ლუკა გ-სთან ერთად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის მინა ჩაამტვრა, შიგნით შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულს და ლატარიის ბილეთებს.
ლუკა გ-მ კი ახალციხეში, შ.პ.ს „ალფა მარკეტი“-ს ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და ფული მოიპარა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. მამა-შვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით).