ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დაკავებულია. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, აბულაძე ბორჯომში დააკავეს და ის მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. იგი ამ წუთებში ბორჯომიდან თბილიში გადაჰყავთ.
“მეცხრე არხი” შსს–ს დაუკავშირდა, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში გასულ ღამეს მის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და ვერტმფრენები. აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ მისი ახლობლები და მეგობრები. როგორც აბულაძის და ამბობს, მან იცის, რომ ბორჯომში ჩატარდა სპეცოპერაცია, თუმცა დააკავეს თუ არა მისი ძმა, ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს.
თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ბრალის წაყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353,1-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353,1-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აბულაძეს სასჯელის ზომად 16-იდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.