სამართალდამცველებმა, ძებნილ შალვა აბულაძის მეგობრებისა და
მეზობლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.ბორჯომელები ძალოვან
სტრუქტურას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ
პოლიციელები მათ ბინებში ჩხრეკის ორდერის გარეშე შეიჭრნენ.
დავით როკეტიშვილს დღეს მეგობრის მალხაზ თაყაიშვილის სახლი გატეხილი დახვდა, როგორც ის ამბობს, ბინაში გაჩხრეკის მიზნით პოლიციელები იმყოფებოდნენ. როკეტიშვილი და თაყაიშვილი, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები არიან. შალვა აბულაძის მეგობარი და მეზობელია ვერიკი კურდოვანიძე–პოლიციამ მისი სახლიც გაჩხრიკა. აბულაძის მეგობრები ამბობენ, რომ პოლიციელები მათ სახლებში კანონის უხეში დარღვევით შედიან და ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ. მათივე თქმით, პოლიციელები საცხოვრებელი სახლების ჩხრეკას ორდერის გარეშე, ბორჯომის პოლიციის უფროსის მეთაურობით ახდენენ. რას ეძებენ სამართალდამცველები ძებნილის მეგობრების ბინაში – ეს მათთვის უცნობია.
შალვა აბულაძის მეგობრები, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის სხვა ფაქტებზეც საუბრობენ. გელა ციცქიშვილი ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ ჯერ კიდევ 23 იანვარს ლიკანში მომხდარი ინცინდენტის დროს, როდესაც პოლიციელები დაიჭრნენ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა იგი სხვა მეგობრებთან ერთად, სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავეს. განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თუმცა სასამართლომ ისინი ადმინისტრაციული ჯარიმით მალევე გაათავისუფლა.
ციცქიშვილი, შალვა აბულაძესთან ერთად კაფის „1+2“– ის ერთ–ერთი მეპატრონეა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაუჩნდა. იგი კაფის დაწვაში საეჭვო გარემოებებს ხედავს და განმარტავს, რომ დაწესებულებაში ყველა გაყვანილობა მწყობრში იყო და ხანძარი ვერანაირად გაჩნდებოდა. გელა ციცქიშვილისთვის, ისიც საეჭვოა,რომ მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს და ვინმეს, არც სახანძრო ბრიგადა გამოუძახებია. კითხვაზე, მოხდა თუ არა ჩხრეკა კანონდარღვევით და რას ეძებდნენ სამართალდამცველები ძებნილ შალვა აბულაძის მეგობრების ბინებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აბულაძის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და ყველა ქმედება პოლიციელების მხრიდან კანონიერია. უწყება ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აკეთებს.