მდინარე მტკვრის დონეს არ მოუმატია, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მტკვრის სანაპიროზე პატრულირებდნენ და მოსახლეობას მდინარის შესაძლო ადიდების შესახებ აფრთხილებდნენ. მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბორჯომის გამგებელმაც. გარემოს დაცვის სამინისტრო კი „მეცხრე არხს“ ისევ არ ეკონტაქტება.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში მტკვრის დონის მომატების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა. იმის გამო რომ წყლის მოცულობა კალაპოტში არ გაიზარდა, სამაშველო სამსახურებმა სანაპიროზე პატრულირება შეწყვიტეს. ისინი მთელი დღის განმავლობაში მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე , დასახლებულ პუნქტებთან მოძრაობდნენ და უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ.
როგორც სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს, ახალციხის სახანძრო–სამაშველო განყოფილებაში ამბობენ, დავალება ცენტრალური უწყებიდან მდინარის სანაპიროზე პატრულირებისა და მოსახლეობის გაფრთხილების შესახებ, დილიდან მიიღეს. რეგიიონის სამი მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურები მთელი დღის განმავლობაში მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით პატრულირებდნენ. ისინი დარჩენას ღამის საათებშიც აპირებდნენ.
იმის შესახებ, რომ სამცხე–ჯავახეთში დღეს მტკვრის დონე მოიმატებდა კომენტარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარის დაშრობასთან, თურქეთის ჰესის კავშირი უარყო. ბორჯომის გამგებელმა დღეს ფაქტი, სწორედ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობით ახსნა. მისი განმარტებით თურქეთში ერთ–ერთი მასშტაბური ჰიდრო ელექტრო სადგური შენდება, რის გამოც მტკვრის გადაკეტვა გახდა საჭირო. ყიფიანმა მოსალოდნელი სააფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობა დილიდანვე გააფრთხილა.
მდინარე მტკვრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისევ დუმს გარემოს დაცვის სამინისტრო. წყლის დონის სავა5რაუდო მომატებასთან დაკავშირებით სტრუქტურაში კომენტარები არც დღეს გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარმა კლება ნოემბრის თვეში დაიწყო. აღნიშნულ პრობლემაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება დეკემბერში გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყლის დონის კლება თურქული მხარის მიერ ზამთრისთვის წყალსაცავების შევსებამ გამოიწვია.