ახალციხეში მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა. დღეს საბჭოს წევრები ქალაქის მერს შეხვდნენ და დებულება დაამტკიცეს. გარდა ამისა მათ ახალციხეში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ახალგაზრდული საბჭო ქალაქის მერიასთან მუდმივად ითანამშრომლებს და მიმდინარე პროცესებში ჩაერთვება. ახალციხის მერის თქმით, ახალგაზრდებთან მუშაობა და სხვადასხვა პრობლემის ერთობლივად გადაჭრა მნიშვნელოვანია.
ქალაქის სკვერების მოწყობა, საქლაქო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები და მაწანწალა ძაღლები – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალგაზრდებმა და საბჭოს ხელმძღვანელობამ ქალაქის პირველ პირებთან ერთად განიხილეს.
მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოები, ახალციხის გარდა ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში შეიქმნა, სადაც ათ–ათი ახალგაზრდაა გაწევრიანებული.
ახალგაზრდული საბჭოები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ჟურნალისტი ია ანთაძე ხელმძღვანელობს.