ახალქალაქში ავტოსაგზაო
შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომელიც გარდაცვლილს
დაეჯახა, შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს პოლიციელი
მართავდა, რომელიც მათივე თქმით, გვარად ბურჯანაძეა.
შემთხვევა 27 მარტს მოხდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, მერსედესის მარკის ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა. მერუჟან აბრამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, მანქანაში მისი მეუღლე და კიდევ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.
თვითმხილველები ჰყვებინ, რომ ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს დაეჯახა, დიდი სიჩქარით მოძრაობდა და მერუჟან აბრამინმა მანქანაში ჩაჯდომა ვეღარ მოასწრო.
არის თუ არა ავტომობილის მძღოლი შსს–ს თანამშრომელი, სამინისტროში ამაზე არ საუბრობენ, თუმცა მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ს 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება თავისუფლების აღკვეთას, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს.
მერუჟან აბრამიანი 63 წლის იყო, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში 2003 წლიდან მუშაობდა, იგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში ცხოვრობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.