ქალაქ ახალციხის საკრებულოში შალვა გოგოლაძის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენის პროცესი ხმაურით წარიმართა. წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განმარტებით, მართლმსაჯულების ორგანომ გოგოლაძის საქმეზე გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ გამოიტანა.
ხმაურის მიუხედავად, საკრებულომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღადგინა.
რაც შეეხება იურიდიული კომისიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, გელა პეტაშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ორგანომ მისი ინტერესები არ გაითვალისწინა. ამიტომ იგი სააპელაციო სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას აპირებს.
გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში პეტაშვილის გარდა, ქალაქის საკრებულოც ასაჩივრებს. სააპელაციო სასამართლოში რაიონულის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს შალვა გოგოლაძეც.
ქალაქის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხები არ განხილულა. თუმცა ხმაური სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ერთმანეთს სიტყვიერად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე და დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური დაუპირისპირდნენ.