ლეიბორისტული პარტიის წევრი და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი გამგებელსა და გუბერნატორს ზეწოლაში ადანაშაულებს.
გიუაშვილმა “ლეიბორიტული” პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მისი განცხადებით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლება შესაძლო კორუფციულ ქმედებებში ამხილა.
მისივე ინფორმაციით, კორუფციული გარიგებები ტენდერებს უკავშირდება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის წევრების მიმართ დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გიუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს სამხარეო ადმინისტრაციაში არ აკეთებენ. აღნიშნულზე საუბარი არ სურს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც, თუმცა დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ გიუაშვილი რაღაცით მართლაც შეშინებულია, რადგან საკრებულოს სხდომებზე დედის გარეშე არ დადის.