ახალციხეში დევნილები საცხოვრებელ ფართებს აპრილის თვეში მიიღებენ. რეგიონში ვიზიტისას დევნილთა მინისტრის მოადგილემ კონკრეტული რიცხვი ვერ დაასახელა. თუმცა აღნიშნა, რომ შენობის რეაბილიტაცია დასრულებულია და ახალ მფლობელებს მალე გადაეცემა. დღესვე გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და იმ საგრანტო კონკურსის დეტალები გააცნო, რომელსაც სამინისტრო აცხადებს.
დევნილებს ახალციხეში ბინები კიდევ ერთი თვის დაგვიანებით გადაეცემათ – ამის შესახებ კომენტარი, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალციხეში ვიზიტისას გააკეთა. გრიგოლ გიორგაძემ რუსთაველის 113 ნომერში მდებარე კორპუსები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც თებერვლის თვეში დასრულდა. ამ დროისათვის შენობაში დენისა და ბუნებრივი აირის ასევე, საკანალიზაციო სისტემის გაყვანა მიმდინარეობს.
ახალციხეში დევნილთა საცხოვრებელი 66 ოჯახისთვისაა განკუთვნილი. აქედან 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი ბინაა. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სენმა“ განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 763 000 ლარამდე შეადგინა. ახალციხეში დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებული შპს განკუთვნილ ვადებში ვერ ჩაეტია, ამიტომ მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგი დაჯარიმდება. დევნილთა ბინები მოადგილეებთან ერთად, გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა მოინახულა.
დევნილთა საცხოვრებელი ბინების დათვალიერების შემდეგ, მინისტრის მოადგილები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის, „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაცია გაიმართეს. აღნიშნული კონკურსის მიზანს, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს.
საგრანტო კონკურსის მიხედვით, დევნილთა სამინისტრო გრანტს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. მათ კი თავის მხრივ, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა ევალებათ. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორმა მიგრამტებს პროფესიულ სწავლებასა და ანაზღაურებად სტაჟირებებში ხელი უნდა შეუწყოს.