მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული აუცილებელია, რადგან ის რეგიონების
განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
“ეკონომიკური განვითარება თითოეული რეგიონის, თითოეული
მუნიციპალიტეტის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.
მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები, რაც რეგიონული
განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი”,
– განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ზოგადად რეგიონში განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ მიმდინარე პროცესების საქართველოზე უარყოფითი გავლენა უახლოეს პერიოდში იქნას დაძლეული.
“მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რეგიონში საკმაოდ რთული პროცესები ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო და ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი. ჩვენთვის მთავარია, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დავძლიოთ ეს პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ეს რთული პერიოდი და გადავიდეთ სწრაფ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოში ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონული განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.
წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/320791-irakli-gharibashvili-mthlianad-koncentrirebuli-varth-imaze-rom-saqarthveloshi-ekonomikuri-procesebi-gaaqtiurdes.html