უმუშევრობა, გაზრდილი პროცენტები სესხებზე და პროდუქტზე მომატებული ფასები–ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საარსებოდ შემოსავალი არ გააჩნიათ და მათი მატერიალური მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია. ექსპერტები კი აღნიშნულს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყნაში ინვესტიციების შეჩერებას უკავშირებენ.
გაუმჯობესდა თუ არა ბოლო პერიოდში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა? ამასთან დაკავშირებით „მეცხრე არხმა“ ახალციხეში გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივების უმრავლესობა ამბობს, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია. საზოგადოებაში ყველაზე მწვავედ მაინც უმუშევრობის პრობლემა დგას. არიან ისეთებიც ვისი მატერიალური მდგომარეობაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
რამდენიმე თვეა საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებული საკითხი. მოსახლეობის ნაწილი, ბოლო პერიოდში საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუარესებას სწორედ ლარის ინფლაციას უკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ ბანკებში კრედიტები დაუგროვდათ და პროცენტები დაემატათ, რომლის დაფარვასაც ვეღარ ახერხებენ. გარდა ამისა, ფასმა მოიმატა პროდუქტებზე, რაც მოსახლეობის თქმით, მათ მატერიალურ მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
მოსახლეობის გაუარესებული სოციალური მდგომარეობის შესახებ საუბრობენ ეკონომისტები. როინ თათეშვილი აღნიშნულს, ქვეყანაში შეჩერებულ ინვესტიციებსა და ეკონომიკური განვითარების დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური ფონი განსაკუთრებით გაუარესდა, ამისი მიზეზი კი როინ თათეშვილის თქმით, ეროვნული ვალუტის ინფლაციაა.
როგორც ეკონომისტები, ისე ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის დასტაბილურება ხელისუფლების გონივრულ ქმედებას შეუძლია, თუმცა მოსახლეობის ნაწილს ამის იმედი არ აქვს. გაუმჯობესდება თუ არა საზოგადოების მატერიალური მდგომარეობა, ამას ვერც ექსპერტები პროგნოზირებენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ეროვნული ვალუტის კვლავ ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 10 მარტიდან 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 17 თეთრი იქნება