ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის ბაღის ყოფილმა მენეჯერმა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ განხილვის შემთხვევაში პროცესს მოიგებს, რადგან ლალი მაისურაძის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. ყოფილი მენეჯერის თქმით, 8 წლიანი მუშაობის პერიოდში არცერთი გაფრთხილება არ მიუღია.
ლალი მაისურაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად გამართულ შეკრებაზე დასწრების გამო, ხელმძღვანელობა მისი გათავისუფლების მიზეზს ეძებდა. მას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 6 თებერვალს აცნობა.
ყოფილი მენეჯერის თქმით, მარინე ვარდიძემ სიტყვიერად განუმარტა, რომ სამსახურიდან ბოლაჯურის ბაღში მომხდარი ჩხუბის გამო გათავისუფლდა.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ყოფილი მენეჯერის გათავისუფლებაზე მართლმსაჯულება, ჯერჯერობით უცნობია.