სააპელაციო სასამართლომ, ირაკლი ბარძიმაძის საჩივარი არ განიხილა. ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აწყურში დაკავებული სამი პიროვნების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. იგი ამბობს, რომ მოსამართლეს საჩივარი არ უნახავს.
ბარძიმაძის თქმით, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს პროკურორმა იცრუა, რის გამოც მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვა. ახალ მტკიცებულებად ბარძიმაძემ სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სიუჟეტი წარადგინა, რაც მისი თქმით, საკმარისი იყო იმისათვის, რომ თამაზ გაჩეჩილაძე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო.
ირაკლი ბარძიმაძე საკითხის დაყენებას ახალციხის რაიონულ სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზეც აპირებს.
აწყურში მცხოვრები 5 ადამიანი სამართალდამცველებმა 22 თებერვალს დააკავეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, აღნიშნულმა პიროვნებებმა, 4 თებერვალს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მისცეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხუთი დაკავებულიდან ორი გირაოთი გათავისუფლდა, ხოლო სამ მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულების წინასასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 16 აპრილს ჩაინიშნა.