ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებასთან
დაკავშირებით, სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ლევან ლობჯანიძე
ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის
შესახებ ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშია დაბარებული. ყოფილი
თავმჯდომარის თქმით, 4 მარტის ადიგენის საკრებულოს სხდომა დარღვევებით
ჩატარდა და მისთვის და მისი მხარდამჭერებისათვის ბევრი კითხვა
გაჩნდა.
ფაქტს პარტიის საბოტაჟად აფასებენ ლევან ლობჯანიძის მომხრეები. თავად ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ იმპიჩმენტის შესახებ ცენტრალური ოფისი ინფორმირებული იყო და მათ ავთანდილ კაჭკაჭაშვილს პროცესის გადავადება დაავალეს, თუმცა კაჭკაჭაშვილი საპირისპიროდ მოიქცა, ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში წასვლამდე, დეპუტატებს სახლში მიაკითხა და გადაყენების მოსამზადებელ დოკუმენტზე ხელი მოაწერინა.
აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე.
ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს და მის გადაყენებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ პასუხს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 4 მარტს, ადიგენის საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. მისი თანამდებობიდან მოხსნა თავისივე პარტიის, ,,ქართული ოცნების“ 15–მა დეპუტატმა მოითხოვა. გადაყენებას მხარი 21 წევრიდან 17–მა მათგანმა დაუჭირა.
ამ დროისათვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილია, რომლის არჩევასაც მხარი 16–მა დეპუტატმა დაუჭირა.