ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა გადაიდო. ერთი საათით დაგვიანებულ სხდომაზე, ბრალდებულის სამი ადვოკატიდან მხოლოდ ერთი მათგანი გამოცხადდა. მაგული გოგლიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მიერ წარდგენილი ოთხი მოწმე, მათ შორის შსს–ს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, შემდეგ პროცესზე დაეკითხათ, რადგან მას ჯამრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა.
პროკურორმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სასამართლო პროცესების გაჭიანურების მცდელობით ახსნა და მოსამართლეს მიმართა, მაგული გოგლიძის მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა პროცესი გადადო, თუმცა განაცხადა, რომ თუ დაცვის მხარე შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდება, კუბლაშვილს სახელმწიფო სხვა ადვოკატს დაუნიშნავს.
ადვოკატების ავადმყოფობის არ სჯერა, დაზარალებულ მხარეს, ისინი ამბობენ, რომ პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება.
სამი ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე შემდეგი პროცესი 10 მარტს 15:30 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკვე დადგენილია მარტის თვეში ჩასატარებელი მომდევნო ხუთი პროცესის თარიღიც.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.