ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის გიორგი კაპანაძის პროცესი გაიმართა, სადაც ერთი მოწმე დაიკითხა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მოწმე ადიგენის პოლიციის თანამშრომელია, რომელიც სატელეფონო მოსმენებზე მუშაობს და გიორგი კაპანაძის დაკავების პროცესში მოსმენებს აწარმოებდა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, კაპანაძე ბრალს არ აღიარებს. ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივარის საფუძველზე, კიდევ ერთი მიმართულებით, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძისა და ასპინძის სამმართველოს უფროსის ალექსანდრე კენჭოშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. როგორც ადვოკატი აცხადებს მაღალჩინოსნები გიორგი კაპანაძეს დაკავებისას პიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.
იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვაში ბრალდებული გიორგი კაპანაძე ორ პირთან ერთად სამართალდამცველებმა გასული წლის ივლისში დააკავეს. ორი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე გათავისუფლდა. რაც შეეხება კაპანაძეს, მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.