მას შემდეგ რაც, მოხის სადავო შენობას სამართალდამცველებმა ამკრძალავი ლენტი შემოავლეს, მუსლიმმა თემმა ლოცვის ჩატარება შენობის შესასვლელთან გადაწყვიტა. 15–მდე მათგანმა ნამაზის რიტუალი შეასრულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
სადავო შენობას სამართალდამცველები დღესაც იცავენ. მოხის მუსლიმი თემის იმამი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღეს. თენგიზ მელიქიძე იმასაც განმარტავს, რომ ადგილობრივები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და პროვოკაციაზე არ მიდიან, თუმცა რაზე ისაუბრეს სულიერ ლიდერებთან, არ აკონკრეტებს.
ადგილობრივი მუსლიმების მტკიცებით, მათ საკუთარი მოთხოვნის შესრულება, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს. ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის ერთ-ერთი მიზეზი, ხელისუფლების მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატის განცხადება გახდა, რომელიც გიორგი კოპაძემ მუსლიმი თემის უფლებებთან დაკავშირებით გაავრცელა.
მუსლიმი თემის პრობლემებისა და უფლებების შესახებ სახელისუფლებო კანდიდატმა განცხადება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 21 სექტემბერს, გააკეთა. მაშინ, როცა გიორგი კოპაძე შეხვედრაზე, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარული ოლქის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საკუთარ პროგრამას აცნობდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოხეში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ორშაბათს გაავრცელებს.
ავტორები: მაია იველაშვილი, ნანა ინასარიძე, ლავან ყურაშვილი.