ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობაზე უნდა აღდგეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულება, გოგოლაძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნო.
სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სამსახურში აღდგენის შემდეგ შალვა გოგოლაძეს, იძულებით გაცდენილი საათების თანხა, 4 500 ლარის ოდენობით აუნაზღაურდება. სასამართლოს გადაწყვეტილება „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. გოგოლაძის თქმით, საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა იმისათვის, რომ მართლმსაჯულებას თანამდებობაზე მისი აღდგენის გადაწყვეტილება მიეღო.
რაიონულ სასამართლოში სხდომა 12:00 საათზე დაიწყო, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და წევრები დაესწრნენ. ირაკლი ალასანიას თქმით, ახალციხეში სამართლიანობამ იზეიმა. შალვა გოგოლაძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოში შემავალი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც მოისმინეს.
გოგოლაძის თანამდებობაზე დაბრუნებამდე საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელოდება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამის შემდეგ გაირკვევა გაასაჩივრებენ თუ დაეთანხმებიან მოსამართლის სარეზულოციო ნაწილს. ამ დროისათვის საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა გელა პეტაშვილს უკავია, რომელიც საკრებულომ ფარული კენჭისყრით აირჩია.
ადმინისტრაციული სარჩელით, ახალციხის რაიონულ სასამარტლოს შალვა გოგოლაძემ 18 დეკემბერს მიმართა და 2014 წლის 21 ნოემბრის №48–ე განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ქალაქის საკრებულომ იგი იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შალვა გოგოლაძე დეპუტატატებს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანისათვის 3 000 ლარს ითხოვდა. ახალციხის სასამართლომ გოგოლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.