რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელბს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება იყო, რომელსაც პარტია მოითხოვს. გარდა ამისა გიგლა ბარამიძემ „მეცხრე არხთან“ საუბრისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და განმარტა, რომ ქვეყანას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური თუ საგარეო პრობლემები აქვს. მან ხაზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გაუსვა და აღნიშნა, რომ საკითხების მოგვარებისათვის გამოსავალი, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარებაა. გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ერთადერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა“ და იმ შემთხვევაში თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვების იმედიც აქვს.