ახალციხის მე-3
ბაგა-ბაღის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები
აღმოჩნდა. წყლის ნიმუშები ახალციხის მომხმარებელთა
დახმარების ცენტრმა 12 თებერვალს აიღო. ცენტრის განცხადებით,
აღნიშნული პასუხი ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ გახდა
ცნობილი, რაც დადგენილი ტექნიკური სტანდარტის შესაბამისად,
დაუშვებელია.
ცენტრის ინფორმაციით, სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის
ჯგუფის ბაქტერიების არსებობის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა
ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობას, ბავშვების მშობლებს, შპს საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და ახალციხის
მუნიციპალიტეტს. დარღვევის შესახებ, ასევე, ეცნობება სურსათის
ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.
სასწრაფო პრევენციული ღონისძიებებების გასატარებლად ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა რეკომენდაციები გაუწიეს.
ცენტრის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლობამ დაბინძურების მიზეზის გამოკვლევა ოპერატიულად დაიწყო.
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა მშობლების თხოვნით ახალციხის #3 ბაგა-ბაღის გარდა კვლევა ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაშიც აწარმოეს.
წყლის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმების შედეგების თანახმად, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სასმელი წყლის, როგორც ორგანოლეპტიკური და მიკრობიოლოგიური, ისე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები ნორმაშია.