ახალციხის
მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი
თავმჯდომარის, შალვა გოგოლაძის საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა.
სხდომას ახალციხის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი დემოკრატების”
ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარემ შემდეგი მოთხოვნები
წამოაყენა: 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობა, შალვა
გოგოლაძის აღდგენა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის
თანამდებობაზე და დისკრიმინაციული კუთხით, მორალური
ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა
განმარტებით, შალვა გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლება
პოლიტიკურად მოტივირებულია. გარდა ამისა, მხარე მიიჩნევს, რომ 21
ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ რიგგარეშე
სხდომის მოწვევა არ იყო კანონიერი, სადაც შემდეგში გოგოლაძის
თანამდებობიდან გათავისუფლებას კენჭი ეყარა. მოსარჩელეთა მხარე
ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში მოხდა გოგოლაძის დისკრიმინაცია მისი
პოლიტიკური მიმართულების გამო, რადგან მას მუშაობის პერიოდში არცერთი
გაფრთხილება მიუღია.
მოპასუხე მხარეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში თინათინ დიაკონაშვილი წარმოადგენს. მან სასამართლო სხდომაზე საკრებულოს უფლებებზე ისაუბრა. რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, დიაკონაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს მოწვევის უფლება აქვს. “რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს წინადადების წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. ვერ დავეთანხმები მოსარჩელე მხარეს, როდესაც აცხადებს, რომ სხდომის მოწვევა არ იყო დასაბუთებული. მოწვევა იყო დასაბუთებული, რადგან მომხდარიყო თანამდებობიდან გადაყენება” – განმარტავს დიაკონაშვილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ საკრებულოს დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” მალხაზ გიქოშვილი და ზურაბ სადათიერაშვილი, “ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობიდან” ჯიმშერ გოგოლაური. მეოთხე მოწმე იურიდიულ საკითხთა კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე გელა პეტაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა.
მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გოგოლაძის გათავისუფლების მიზეზად, თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა დაასახელეს, თუმცა სხდომის ოქმში აღნიშნული განმარტება შეტანილი არ არის.
“ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება “ოცნების” მხრიდან” – განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა დაკითხვისას.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. მისი თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ დისკრიმინაციას.
“ეს ნათლად გამოაშკარავდა მოწმეების ჩვენებისას, მტკიცებულებების წარდგენის პერიოდში. აქედან გამომდინარე მე კიდევ უფრო გამიღრმავდა იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მოტივით 2 მარტამდე გადაიდო.