რეგიონების განვითარების მიზნით, მთავრობა პროექტების სუბსიდირებას გეგმავს.
“მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას” –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე.
„ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ რეგიონების რესურსი, მათი პოტენციალი. ვაპირებთ, მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმის პრეზენტაცია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2015 წელს მაქსიმალურად გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რათა წარმოება განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.