”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულის შესაბამისად, ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა… ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
იმ შემთხვევაში, თუ ალასანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კანდიდატურის ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება და მეორე ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იღებს.