ებრაელი ხალხი დღეს ხანუქას დღესასწაულის დასაწყისს აღნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით სინაგოგებსა და იუდეველი მორწმუნეების ოჯახებში პირველი სანთლები ინთება. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და სასანთლეზე, შესაბამისად, ყოველდღე თითო სანთელი ემატება.
ახალციხეში მდებარე უძველეს სინაგოგაში სასანთლეზე, იგივე მენორაზე პირველი სანთლები აინთო. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ ამით ხანუქას დღესასწაულის დასაწყისი აღნიშნა. ისევე როგორც სინაგოგაში სანთლების ანთების რიტუალი ყველა იუდეველმა მორწმუნემ შეასრულა.სიმონ ლევიშვილის განმარტებით, ისინი დღესასწაულს 8 დღის განმავლობაში ზეიმობენ და სიმბოლურად ყოველდღე მენორაზე თითო სანთელს ამატებენ.
ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და იგი მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას უკავშირდება, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაული ტაძარი გაიწმინდა და მსახურება აღდგა. სწორედ ამიტომ ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ხანუქას ებრაელი ხალხი ბერძნებისგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად ზეიმობს, რაც დავითის ტაძარში მოხდა.
ისტორიული მონაცემებით ებრაელები ახალციხეში, კერძოდ კი რაბათში 1700 წლიდან მკვიდრდებიან. მათი გადინება ისრელში მეოცე საუკუნიდან დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, ხანუქას ახალციხელი ებრაელები წლების განმავლობაში ზეიმობდნენ. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, მაშინ როდესაც ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ღვთისმსახურებას უკრძალავდნენ მრავალწლიანი ტრადიციის დაცვა მათ მაინც შეძლეს
დღეისათვის ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად ორი ერის წარმომადგენლები დღესასწაულს ერთად ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ხანუქას პირველ სანთელს ყოველწლიურად ქვეყნის პირველი პირი ანთებს. დღესასწაული ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით დგინდება და ქისლევის, ანუ ნოემბერ–დეკემბრის თვეებში აღინიშნება.