სტიქიისგან დაზარალებული მოსახლოება კომპენსაციას ითხოვს. აღნიშნული მოხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მაცხოვრებლები დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პასუხს რეგიონის პირველი პირებისგან მოითხოვდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მაცხოვრებლები სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივები კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდნენ და დაპირება შეახსენეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვამ მოსავალი სრულად გაანადგურა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ზარალს არ აუნაზღაურებს, ზამთარში თავის გატანა გაუჭირდებათ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ რეგიონის პირველი პირებისგან ზარალის ანაზღაურების თაობაზე პირობა სტიქიის მეორე დღესვე მიიღეს. განადგურებული მოსავალი გუბერნატორნატორმა და მისმა მოადგილემ პირადად მოინახულეს. თუმცა, დაპირების მიუხედავად კომპენსაციის გაცემა დაზარალებულებზე ამ დრომდე არ მომხდარა. იმ შემთხვევაში თუ მათ ზარალს არ აუნაზღაურებენ, მოსახლეობა ირწმუნება, შედეგის მისაღებად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.
„სტიქიით დაზარალებულთა დახმარება აუცილებლად მოხდება“ – აცხადებს „მეცხრე არხთან“ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე. კითხვაზე: თუ რატომ ვერ მოხერხდა, ამ დრომდე, მათზე კომპენსაციის გაცემა, ავთანდილ კაჭაკაჭაშვილი აცხადებს, რომ ზარალის შესწავლასა და დასკვნის დადებას დიდი დრო დასჭირდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 9 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.