ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის მაცხოვრებლები გაზეთ “სამხრეთის კარიბჭესთან” აქციას დღესაც აგრძელებენ. მოკლული ბებიისა და შვილიშვილის თანასოფლებები მედიას ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ლალი მაისურაძე აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დის შვილმა მის წინააღმდეგ წყევლის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
“ამბობს, რომ გუშინ დავწყევლე და ამის გამო მიჩივლა. როგორ დავწყევლე, როცა გუშინ აქციაზე ვიყავი? ისინი მუდმივად იტყუებიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ” – აცხადებს ლალი მაისურაძე. მისი თქმით, წყევლის გამო ბრალდებულის ოჯახის წევრებმა უკვე მეორედ უჩივლეს.
გოგაშენის მოსახლეობა მოითხოვს, რომ აღნიშნულის თაობაზე მედიასაშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელონ და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები დაზარალებულებს შეურაცხყოფას მუდმივად აყენებენ. ისინი, ასევე მოითხოვენ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ გოგაშენის მოსახლეობამ აქცია “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქციასთან 11 დეკემბერსაც გამართა, რა დროსაც გაზეთის კორესპონდენტი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. თავად “სამხრეთის კარიბჭემ” კი ფაქტი, რედაქციის მუშაობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობად შეაფასა.