ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშნის
მაცხოვრებლები “სამხრეთის კარიბჭე”–ს რედაქციასთან აქციას
მართავენ. მოკლული ბებიისა და შვილიშვილის
თანასოფლელები გაზეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში
ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “სამხრეთის
კარიბჭე”–ს ჟურნალისტი თამუნა უჩიძე მხოლოდ ერთი მხარის
პოზიციაზე წერს და მათი მოსაზრებით არ ინტერესდება.
“გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” დეზინფორმაციას ავრცელებს. მხარს უჭერს მკვლელის ოჯახს და პოლიციას ჩირქს სცხებს. მკვლელის ნათესავებს კიდევ ეგ უნდათ? სწორედ პოლიციის დამსახურებაა ეგენი ცოცხლები რომ არიან” – აცხადებს გოგაშნის მკვიდრი შოთა ქართველიშვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად, რა იყო ტყუილი, რომელიც “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა, გოგაშნელები აცხადებენ, რომ გაზეთმა მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დაამახინჯა.
თამუნა უჩიძის თქმით, გაზეთი მოვლენებს ყოველთვის აშუქებს ისე, როგორც რეალურად ხდება. ჟურნალისტის თქმით, მისი განსასჯელი არ არის, ვინ არის დამნაშავე.
გოგაშნელებმა უკმაყოფილება “სამხრეთის კარიბჭე”–ს გარდა, ტელეკომპანია “მაესტროს მიმართაც გამოხატეს. მათი მტკიცებით, სიმართლე არც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
საქმე ეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. გოგაშნელების უკმაყოფილება კი გაზეთის კორესპონდენტის მიერ მიმდინარე კვირაში მომზადებულმა სტატიამ გამოიწვია, სადაც, წერია, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დები სამართალდამცველებმა სცემეს და მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნულ სტატიაში დაზარალებული მხარის, ანუ მოკლულის ოჯახის წევრების და მათი თანასოფლელების პოზიცია არ ჩანს. ისინი რედაქციის დახურვას მოითხოვენ.