ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები სოფელში არსებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაზის კომპანიამ სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება რომ შპს „ინტერგაზს“ სამუშაოების ჩატარება გზების დაზიანების გარეშეც შეეძლოთ.
გადათხრილი გზები და ავტომობილები, რომლებიც მეპატრონეებს საკუთარ ეზოებამდე ვერ მიჰყავთ –წარბასთუმანში მოსახლეობა სოფელში მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წარბასთუმანში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყეს. მათი თქმით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ მილები მიწის ზევიდან გაეყვანათ, ისე, რომ გზა არ დაზიანებულიყო, თუმცა მათ მოსახლეობის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. გარდა ამისა, არც საავტომობილო გზის მოწესრიგებაზე იზრუნეს. ადგილობრივების მტკიცებით, კომპანიის ხელმძღვანელი მოსახლეობას გაჩუმებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრება, რომ მათ გაზს არ ჩაურთავს.
შპს „ინტერგაზმა“ წარბასთუმანში ბუნებრივი აირის შეყვანა ორი თვის წინ დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სამუშაოების დაწყებამდე სოფელში მისასვლელი გზა, შედარებით მოწესრიგებული იყო. მათი თქმით, საკუთარი ხარჯებით შეკეთებულ გზაზე დღეს გადაადგილება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო ადგილობრივებს მოსავალი დაუბინავებელი დარჩათ. წარბასთუმნის მოსახლეობამ, რომელიც 20–მდე ოჯახს შეადგენს, ხელმოწერები შეაგროვა და განცხადებით, პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავს.
სოფელ წარბასთუმანში სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინტერგაზი“ 1 ოქტომბრის შემდეგ აწარმოებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია გაზიფიცირებას წარბასთუმნის გარდა, უდეში, არალსა და ვალეში ახდენს. „ინტერგაზი“ სამუშაოებს 2015 წლის ივლისის თვეში დაასრულებს. კომპანიის დირექტორი „მეცხრე არხთან“ ირწმუნება, რომ სოფელ წარბასთუმანში მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საპროექტო სამსახურებმა გადაწყვიტეს. შესაბამისად, მილების გაყვანა მიწაში მოხდა, რამაც სავალი გზის დაზიანება გამოიწვია. რაც შეეხება მუქარას, კომპანიის დირექტორის მხრიდან მოსახლეობის მამართ, ვასილ აბულაძე აცხადებს, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
„მუნიციპალიტეტს გაზი არასოდეს ჰქონია და ეს პროცესი მოსათმენია“ – მიაჩნია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ზაქარია ენდელაძე ირწმუნება, რომ სოფელ წარბასთუმანში გზა აუცილებლად გაკეთდება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპანია ბუნებრივი აირის შეყვანას დაასრულებს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე სავალ ნაწილს მოასწორებენ, მოგვიანებით კი, როდესაც ამინდებიც ხელს შეუწყობს მოიხრეშება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გაზის კომპანიის დირექტორის დაპირების მიუხედავად, სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთების მოთხოვნით, ამჯერად, ქვეყნის პირველ პირებს მიმართავს. იმ შემთხვევაში თუ მათ განცხადებას ცენტრალური ხელისუფლებიდან რეაგირება არ მოჰყვება, წარბასთუმნელები ირწმუნებიან, რომ ისინი სხვა ზომებს მიმართავენ.