არის თუ არა დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით ადამიანის წყევლა? ვარხანში გარდაცვლილი, 23 წლის ახალგაზრდის დედა აბასთუმნის პოლიციაში დაიბარეს. გარდაცვლილის ბესო ენდელაძის დის განმარტებით, ნაზი ბაბუთიძის სახელზე საჩივარი საქმეში ბრალდებულის ახლობლის სახელით შევიდა. ზაზა დემეტრაძემ დაზარალებული ოჯახის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში შვილმკვდარი დედის წყევლის გამო შეიტანა. განცხადებაში წერია, რომ მოკლულის დედა მის ოჯახს გამუდმებით წყევლის.
23 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ პოლიციამ დედისგან მსგავსი საქციელის აღკვეთა მოითხოვა, რასაც არ ეთანხმება გარდაცვლილის დედა.
ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე წყევლის გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემას სასაცილოს უწოდებს და აცხადებს, რომ უბნის ინსპექტორის მოვალეობა დაპირისპირებული მხარეების შერიგებაა.
შეგახსენებთ, რომ ხევაშნელი, 23 წლის ბესო ენდელაძე 2013 წლის 16 დეკემბერს ღამეს, სოფელ ვარხანში, უგონოd მყოფი, სისხლის გუბეში ნახეს. იგი კომატოზურ მდოგმარეობაში 47 დღე იმყოფებოდა. საქმე 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას არაფხიზელ მდგომარეობაში გულისხმობს. თუმცა განაჩენის გამოტანის შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა და 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით, საქმეში ბრალდებულს ალექსანდრე ბაღდოშვილს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. აღნიშნულს ოჯახის წევრები ამ დრომდე აპროტესტებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბესო ენდელაძის გარდაცვალების გამო ხუთმა ადამიანმა პასუხი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აგოს.