გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამი მოწმე, ინფრასტრუქტურისა და იურიდიული სამსახურების ყოფილი უფროსები და შესყიდვების სამსახურის უფროსი დაიკითხნენ.
მოწმეებმა ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერსა და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. დაკითხვისას ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ სახურავის გადახურვის სამუშაოები ხარვეზებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, დასრულების დოკუმენტს თენგიზ ზედგინიძემ ხელი მაინც მოაწერა, რადგან მისივე თქმით, ეს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.
„სანდროშვილი ერთპიროვნული მმართველი იყო, რომელის გარეშეც ჩიტიც კი ვერ გაიფრენდა“– განაცხადა ზედგინიძემ სასამართლო პროცესზე.
დაიკითხება თუ არა ოლეგ სანდროშვილი მისი ჩვენების საფუძველზე უცნობია. მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კი ქასრაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ.