3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ შშმ პირებს ფულადი თანხა და საჩუქრები გადასცეს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხიის მერიისა და გამგეობის წარმოამდგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, ქალაქის მერიამ 13 შშმ პირს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი გადაურიცხა, რომელიც გიორგი კოპაძის თქმით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. მერი ირწმუნება, რომ მსგავსი სახის აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
შშმ პირებთან შეხვედრისას ქალაქის მერი მათი სოციალური მდგომარეობითაც დაინტერსედა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგნს გაურკვეველი მიზეზების გამო, სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა გიორგი კოპაძისგან დაპირება მიიღეს, რომ მათ სოციალური დახმარების სააგენტოსთან უშუამდგომლებს და დახმარების შეწყვეტის მიზეზებს გაარკვევს.
მსგავსი აქტივობა ახალციხის მერიის გარდა, მუნიციპალიტეტის გამგეობამაც განახორციელა. კულტურის სამსახურის წარმომადგენლები რვა სოფელში ჩავიდნენ და 12 პირს ტკბილეული და სუვენირები გადასცეს. ქველმოქმედებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 438 ლარი დაიხარჯა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, 3 დეკემბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წლიდან დაწესდა. ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ეს საზეიმო დღე არ არის და თარიღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების მიმართ საზოგადოებას ტოლერანტობაზე მიუთითებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15% შეადგენს, ხოლო საქართველოში, არაოფიციალური სტატისტიკით 300 000–ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს.