არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას მოითხოვენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებასა და რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას სთხოვენ.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს ბოლო პერიოდში, ამ კუთხით განვითარებულ მოვლენებს და კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციასა და ეფექტურ გამოძიებას არ უზრუნველყოფს.
პეტიციაში ასევე მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების პროცესში, უხეშად ირღვევა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, რადგან აღნიშნული საქმეების გამოძიებას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და არა პროკურატურა.
ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე კრიტიკულად აფასებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ სააგენტოს მონაწილეობას მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაში ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია.
ორგანიზაციები პარლამენტს, რეგლამენტით დადგენილი წესით, პეტიციის საჯარო და წარმომადგენლობით განხილვასა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, შესაბამისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას სთხოვენ.