შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, ამჯერად, უწყებამ ახალქალაქის #3–ე საჯარო სკოლაში გამართა.
კამპანიის შესახებ ახალგაზრდებს უბნის ინსპექტორ–გამომძიებლები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესაუბრნენ. ,,ოჯახში ძალადობის“ გამომწვევ ფაქტორებთან ერთად აუდიტორია კანონში შესულ იმ ცვლილებებსაც გაეცნო, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ცვლილებების შესაბამისად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მოსწავლეებმა კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლებიც ნახეს.
კამპანია „არა ძალადობას!“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს დაიწყო. მისი მიზანი ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის ხაზგასმაა.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს.