2015 წლის ბიუჯეტის პროექტის კიდევ ერთი საჯარო განხილვა ახალციხის მერიაში. ქალაქის პირველმა პირებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ამჯერად ბაღების ხელმძღვანელებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გააცნეს და მათგან შენიშვნები მოისმინეს. დღევანდელ შეხვედრას ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. რა პროექტები იგეგმება მომავალ წელს საბავშვო ბაღებისთვის, ნახეთ ლუბა გიორგაძის სიუჟეტში.
ახალციხის მერმა ბაღის მენეჯერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ის მთავარი პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც იგი მომავალ წელს აპირებს. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მერმა შენიშვნებიც მიიღო. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შშმ პირებისათვის 20 ლარიანი ყოველთვიური დახმარება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უკვე გათვალისწინებულია.
2015 წელს ახალციხეში ორი ახალი ბაღი აშენდება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გაიწერა. გარდა ამისა გარემონტდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რამდენიმე შენობა. ქალაქის მერი ამბობს, რომ ბიუჯეტის ერთი მეოთხედი ბაღებს მოხმარდება. ბაღის პედაგოგები შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელს ხელვასების გაზრდასთან დაკავშირებითაც ესაუბრნენ.
ქალაქის ხელმძღვანელობის შშმ პირებთან და ბაღების დირექტორებთან შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წასრმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ასოციაციის განათლების ცენტრის მენეჯერი აცხადებს, ისინი ადგილობრივ თვითმართველობებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მის საქმიანობას თვალს ადევნებენ. მადონა კოტიას განმარტებით, ახალციხის მერიასთან თანამშრომლობა 2016 წლამდე გაგრძელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან კიდევ იგეგმება. პროექტს უკვე გაეცნენ და შენიშვნებიც შეიტანეს სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საკრებულოს დეპუტატებმა, რომელიც საკრებულომ, მერიას შენიშვნების გამოსასწორებლად უკან გადაუგზავნა. ქალაქ ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.