„სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანია“ (sjgc) ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ 17 ოჯახს 7 თვეა ბუნებრივ აირს აღარ აწვდის. ოფიციალური მიზეზი დაზიანებული მრიცხველებია. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა გაზკომპანიას უფლებების შელახვასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში დებს ბრალს. გაზკომპანიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობამ მრიცხველები განზრახ დააზიანა.
ახალქალაქში მცხოვრები 17 ოჯახი ჯავახეთის მკაცრ ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ სიმართლის გარკვევისა და შეწყვეტილი ბუნებრივი აირის აღდგენის მოლოდინში შვიდი თვე გავიდა. მაშინ როცა ტემპერატურა მინუსებში იზომება, გაზმომარაგების გარეშე დარჩენილი ოჯახები გათბობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
დაზარალებულები იმასაც ყვებიან , რომ მათი მრიცხველები „სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანიამ განზრახ დააზიანა და მათგან თანხის გამოძალვას ამ გზით შეეცადა. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სახალხო დამცველსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას არაერთხელ მიმართა. დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას ჯავახეთში არ ემორჩილებიან.
ერვანტ მანასიანი ერთერთია მათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ დალუქულ მრიცხველს გარეგნული დაზიანების გარეშე მწყობრიდან თავად ვერ გამოიყვანდა. დაზარალებულის მტკიცებით, მრიცხველის შემოწმების დროს გაზმომარაგების კომპანიამ მრიცხველიდან ლუქი მოხსნა და ყოველგვარი ახსნა–განარტების გარეშე ოჯახს ჩამოართვა. შედეგად კი კომპანიის თანამშრომლებმა მისგან 14 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.
სამცხე–ჯავახეთის გაზკომპანიაში ირწმუნებიან, რომ მაისის თვეში 17 ოჯახთან ერთად სულ 200–მდე ოჯახი დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი ხელოვნურად დაზიანებული მრიცხველები იყო, რათა აბონენტებს დახარჯულზე ნაკლები საფასური გადაეხადათ. თუმცა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დაზარალებულები. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ჩვიდმეტი ოჯახისათვის ჯერ მრიცხველის ჩამორთმევა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაც სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა. რაზმიკ აღუმაშიანი ურჩ აბონენტებს დავალიანების დაფარვას სთხოვს და აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მათ მანამდე არ აღუდგებათ, ვიდრე აღნიშნული ოჯახები დავალიანებას არ გადაიხდიან. დაზარალებული ოჯახები თანხის გადახდას არ აპირებენ. არგუმენტად კი სემეკის, 2 ოქტომბრის, სხდომის გადაწყვეტილება მოჰყავთ, სადაც კომისიამ ეს–ჯი გაზ–კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა. დასკვნაში წერია, რომ ,,საქმე ეხებოდა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კერძოდ, კომისიამ „ეს ჯი გაზ კომპანის“ ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრებ მოქალაქეთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოსთხოვა. აღნიშნულის შესახებ კომპანიას წერილობით ეცნობა, თუმცა, „ეს ჯი გაზ კომპანიმ“ კომისიის მოთხოვნა არ შეასრულა. “2014 წლის 27 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ მოქალაქეთა (სულ 17 პირი) წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას.
“კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, კომისიის ან სასამართლოს მიერ საცალო მომხმარებელს, მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში” – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიის განცხადებაში.
27 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც გადაწყდება თუ როდის მოგვარდება დავა ახალქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასა და “სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანიას” შორის.