„ქალზე ძალადობა დანაშაულია–შეაჩერე“ – ამ სახელწოდების აქციამ დღეს მთელი საქართველო მოიცვა. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, ახალციხეც შეუერდა. ქალების მიმართ ძალადობაზე პროტესტის გამოხატვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ. დღევანდელი აქციებით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო.
„ქალთზე ძალადობა დანაშაულია–შეაჩერე“, „ნუ გაამართლებ ძალადობას“, „ჩვენ შეგვიძლია ერთად შევაჩეროთ ძალადობა“, „ძალადობა სოციალური სენია–შეაჩერე” – ამ ლოზუნგებით, ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოეწყო.
ახალციხის ცენტრალურ სკვერში შეკრებილმა მონაწილებმა, რომლებიც ძირითადად, რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებს წარმოადგენენ, პეტიციას ხელი მოაწერეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მასშტაბით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას რეგიონის ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია არა აქციის მონაწილეებისკენ, არამედ ჯერ კიდევ სახლში მყოფი ქალბატონებისკენ არის მიმართული. ჟურნალისტი გულო კოხოძე განმარტავს, რომ ძალადობისგან დაცული არავინ არის და ყველა ქალბატონს მხარდაჭერას უცხადებს.
აქციის გამართვის ორგანიზატორი ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ ქალთა საზოგადოებაა”. მსგავსი აქციები ქვეყნის 21 ქალაქში გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალთზე ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქტივობები, ორი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. “ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარე მარინა მოდებაძე განმარტავს, რომ მოსახლეობის ერთობა და აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24 ქალის მკვლელობა – საზოგადოებამ ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა 25 ნოემბერს, გააპროტესტა. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია – “არა ძალადობას!” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო.