სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა – ამის შესახებ ინფორმაციას, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ავრცელებს. ჯამბულ აბულაძის თქმით, ახალი მუფთის, ბეგლარ ქამაშაძის არჩევის პროცესს სამცხე–ჯავახეთიდან არავინ ესწრებოდა.
“რაც შეეხება ახალი მუფთის დანიშვნაზე საუბარს, ჩვენ არაფერი ვიცით. სამცხე–ჯავახეთის არცერთი წარმომადეგენელი არ ვესწრებოდით ვინმეს არჩევას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არავის დავუპატიჟებივართ და არა მგონია ბატონმა ბეგლარმა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას და წინამორბედის შეცდომა გაიმეოროს.” – აღნიშნავს ჯამბულ აბულაძე.
იგი მუსლიმ მრევლს მუფთის არჩევის თავისეულ ვარიანტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, იგი არჩეული 4 წლის ვადით იქნება.
“მუფთმა უნდა წარმოადგინოს თავისი სამუშაო პროგრამა გაწერილი დეტალებში, წარუდგინოს საზოგადეობას და იმამებს. მხოლოდ ამის მერე განიხილავს საზოგადეობა, იმსჯელებს და შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც მიიღებს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მეჯლისს თავიდან ბოლომდე ახალი კადრებით დასაკომპლექტებელია” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი.
ბეგლარ ქამაშაძის დანიშვნის პროცესს, რომ რეგიონიდან არავინ დასწრებია, ამას სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამაუკა ვაშაყმაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ახალი მუფთი განათლებული და კარგი პიროვნებაა.
“იმედი მაქვს, რომ ბეგლარ ქამაშაძე გამართულ სტრუქტურას ჩამოაყალიბებს, რომელიც მუსლიმთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და არა სახელმწიფოსთან გარიგებებზე, რასაც ყოფილი მუფთი ჯემალ პაქსაძე აკეთებდა” – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი.
მამაუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ბეგლარ ქამაშაძე ხელვაჩაურის ყოფილი მუფთია. მისი დანიშვნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის თანამდებობაზე 22 ნოემბერ მოხდა.