2015 წელს
საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველ ეტაპზე
სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა–მთიანეთისა და შიდა ქართლის 30–მდე სკოლას
მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში განხორციელდება. დაგეგმილია, დაახლოებით, 100 სკოლის
რეაბილიტაცია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამის მიზანი არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებაა, რაც სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და მოსწავლეების რაოდენობის 20 პროცენტამდე გაზრდას ხელს შეუწყობს.
პროგრამა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation – MCC) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 54 მილიონი აშშ დოლარი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
აღნიშნული ეტაპისათვის დასრულებულია 2015 წელს სარეაბილიტაციოდ შერჩეული სკოლების საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციოდ განსაზღვრული სკოლების შერჩევა მოხდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.
პროგრამას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.