ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღარ განახლდა. სამუშაოების ხელმძღვანელი ზურაბ ტაბიძე “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ დროებით, რეაბილიტაციის შეჩერება მოუხდათ, რადგან შენობის წარმომავლობის გამოკვლევაა საჭირო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, სამუშაოები შეჩერდა, თუმცა როდის გაგრძელდება მისი რეაბილიტაცია, ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს. დაელოდება თუ არა სპეციალური კომისიის დასკვნას, ენდელაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებითაც არ არის მიღებული.
სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა 26 ოქტომბერს რამდენიმე სოფელში გამართა. მისი თქმით, კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებასაც მათი დასკვნის შემდეგ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობის რეაბილიტაცია განახლდებოდა, ისინი აქციებს სოფელ მოხეში გააგრძელებდნენ და მუშებს მშენებლობის საშუალებას არ მისცემდნენ.