ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა. მეუფე თეოდორეს განმარტებით, “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” მოხსენიებულია, რომ 1595 წელს შენობა ეკლესია იყო. შენობის ისტორიის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია იგი მუსლიმებს გადაეცეთ. მისივე თქმით, შენობაში მუსლიმების მიერ ღვთისმსახურება არასდროს აღვლენილა.
მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს, თუმცა მისივე განმარტებით, მასში არცერთი კონფესიის სალოცავი არ განთავსდება და მოსახლეობის სურვილები გათვალისწინებული იქნება.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სპეცილური კომისიის შექმნის ინიციატივას ეთანხმება, რომელიც შენობის წარმომავლობას გამოარკვევს. კომისიის შექმნა გუშინ, 23 ოქტომბერს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დაიწყო. მათი გაღიზიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მოხდება. მუსსლიმი საზოგადოება აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია. მართლმადიდებლები კი ირწმუნებიან, რომ შენობა ეკლესიის ქვებითაა აგებული.