მოხეში, დაპირისპირების
დროს დაკავებული 14 მოქალაქიდან ერთ–ერთი პიროვნების გადაყვანა
ახალციხის სამედიცინო ცენტრ “უნიმედი სამცხეში” გახდა საჭირო.
როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება, 50 წლამდე ასაკის
მამაკაცი საავადმყოფოში დღის დაახლოებით, 12:00 საათზე მოათავსეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიკოსებმა მედიასთან კომენტარი
არ გააკეთეს.
დაკავებულის ახლობელი, თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ ექიმებმა მათ როგორც განუმარტეს, მამაკაცისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა მაღალი ჰიპერტონიული წნევის გამო გახდა საჭირო. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისათვის, მამაკაცი საავადმყოფოდან ისევ სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.
14 მუსლიმი მოქალაქე, 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში გამართული აქციის დროს დააკავეს. მათგან სამის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა (პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად) აღძრული, დანარჩენი 11 მოქალაქის მიმართ კი ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.