შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იმის გარკვევას, თუ რა იყო იქ ადრე,
საკითხს ღრმა შესწავლა სჭირდება, – ამის შესახებ ზაქარეიშვილმა
ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განუცხადა.
“პირველ რიგში უნდა დაიგმოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა. იქ, სადაც არის ძალადობა საქმე ვერ კეთდება და გამორიცხულია მოძალადეს ვინმემ მოუსმინოს, მითუმეტეს, როდესაც ძალადობა ხორციელდება პოლიციის, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე არა მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში დღეს ისეთი პირობები იყოს, რომ შეუძლებელი იყოს ნებისმიერი საკითხის მოგვარება მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი ფორმით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე გარდა იმისა, რაც გავრცელდა საჯაროდ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუშაობს.
“ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, ანუ ჩართული არ იყო ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ევალება ასეთ დროს შეისწავლოს ვითარება. მე ვოპერირებ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც არის საჯარო. შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და მუშაობა ამ თემაზე. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება ბიბლიოთეკა, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი, ხოლო ადრე რა იყო ამას სჭირდება ღრმა შესწავლა, რადგან ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი კი მეორეს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაპირისპირება 22 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი მუსლიმებმა სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსების იდეა გააპროტესტეს. პოლიციამ დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დააკავა.