წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, მუსლიმი მრევლი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 14 ახალგაზრდის უპირობო გათავისუფლებაა. ,,დღეს, 10–დან 11 საათამდე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს ველოდებით. დღეიდანვე, საქმეში ჩაერთვებიან იურისტებიც. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ არ მოახდინოს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების დაპირისპირება და უპირობოდ გაათავისუფლონ დაკავებულები”– აცხადებს აქციის მონაწილე თეიმურაზ მიქელაძე.
ადიგენის მუსლიმ მრევლს, წუხელ, ხულოდან ჩამოსული მუფთი მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა. აქციის მონაწილეები, 23 ოქტომბერს, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებენ და აცხადებენ, რომ საკუთარი სიმართლის დასადგენად უკან არ დაიხევენ. ,,პირველ რიგში იმ სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომელსაც 153–ე მუხლით ასამართლებენ. ეს მუხლი 3–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები აქცია მარტო დღეს არ გაიმართება. საპროტესტო ტალღა მოიცავს ჯერ სამცხე–ჯავახეთს და თუ საჭირო გახდება დედაქალაქსაც” – აცხადებს ხულოს მუფთი ასლან–გურამ აბაშიძე.