რელიგიის
საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში
დღეს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს. აღნიშნულთან
დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას
ავრცელებს.
“ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მუსლიმურ თემს ამ
პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტოსათვის ოფიციალურად დღემდე არ მოუმართავს. სააგენტოში
შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი
შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე. საკითხის მნიშვნელობიდან
გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დეტალურად
შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა
დამატებითი ინფორმაცია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს
პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა
რელიგიური გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული
თითოეულის ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და
კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ
მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და
შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას. რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს
კონსენსუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და
მოუწოდებს მათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა
პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს სახელმწიფოს
ინტერესები”, – აღნიშნულია განცხადებაში.