ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ შენობის დემონტაჟი სამშენებლო კომპანიამ დილიდან განაახლა.
ამ დროისათვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, მათ სამმართველოს ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაო შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, რადგან ადგილობრივმა მუსლიმმა მრევლმა მუშებისათვის ხელის შეშლა სცადა.
მოხეში იმყოფება რეგიონის გუბერნატორი და შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა “მეცხრე არხს” განუცხადა, იმის შესახებ, რომ სადავო შენობის ადგილზე ბიბლიოთეკა უნდა აშენდეს შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შენობასთან შეკრებილი მუსლიმი მრევლი კი ირწმუნება, რომ ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მშენებლობა არ შეწყდება და ობიექტი მათ არ გადაეცემათ.
მუსლიმი მრევლის პარალელურად, მოხის ცენტრში შეიკრიბა მართლმადიდებელი მოსახლეობაც. მათი თქმით, მუსლიმი მრევლის მხრიდან მშენებლობისათვის ხელის შეშლასა და შენობის მათთვის გადაცემას არ დაუშვებენ.
მოხეში სადაო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სპეცილაური აბრა, რომელიც იუწყება, რომ ადგილზე ბიბლიოთეკა აშენდება.
როგორ განვითარდება მოხეში მოვლენები–”მეცხრე არხის” კორესპონდენტი თიკო კურტანიძე ადგილზე იმყოფება და დეტალებს “ექოს” გამოშვებებიდან შეიტყობთ.