შეთანხმება, ბრალდებები და დაპირისპირება–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ტერიტორიაზე კულტურის სახლის ნაცვლად ბიბლიოთეკა განთავსდება. საპირისპიროს აცხადებს მუსლიმი მხარე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ ნაგებობაში ბიბლიოთეკის განთავსების შესახებ განცხადება დღეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა გააკეთა. აკაკი მაჭუტაძის თქმით,, 20 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას მუსლიმი სასულიერო პირები და მოსახლეობა დაესწრო. მისივე მტკიცებით, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შენობაში გასართობი ცენტრის ნაცვლად ბიბლიოთეკა განთავდეს.
“მინდა გავნმარტო ის, რომ აქ განთავსდება ბიბლიოთეკა. აქ იქნება მსოფლიო მოღვაწეების შედევრები, იქნება ტექნიკური ლიტერატურა. ეს ბიბლიოთეკა იქნება გათვალისწინებული როგორც ზრდასრულ ადამიანებზე, ისე მოზარდებსა და ბავშვებზე” – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე–ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძე.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი. მამუკა ვაშაყმაძის მტკიცებით, შეხვედრაზე მან აკაკი მაჭუტაძეს განუმარტა, რომ შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთების საკითხს სოფლის მუსლიმ მოსახლეობასთან შეათანხმებდა. იმ შემთხევაში თუ მრევლთან კონსესუსს მიაღწევდა, შეთანხმებაც მოხდებოდა. თუმცა სამცხე–ჯავახეთის მუფთი ირწმუნება, რომ აღნიშნულ შეთავაზებაზე მუსლიმმა მრევლმა უარი განაცხადა და ისინი შენობის დემონტაჟს კვლავ აპროტესტებენ.
“გვითხრეს, რომ აქ უნდა გაკეთდეს ბიბლიოთეკა. მე ვუთხარი ხალხს ვეტყვი, მე ვერ შეგითანხმდები, ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი–მეთქი. საზოგადოება კი წინააღმდეგია და ამიტომ შეთანხმება ვერ ხდება. აქ უნდა იყოს პაქსაძე და მასთან უნდა იყოს შეთანხმებული აქ ბიბლიოთეკა იქნება, სამლოცველო თუ სხვა რამ “ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრას ათამდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყო სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში არ მიმდინარეობდა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამსწრე აუდიტორიას ჟარგონებით ესაუბრებოდა.
” მე ვერ დავარქმევდი ამას საუბარს. ისეთი ჟარგონებით გვესაუბრებოდა, არც ვიცი ამ სიტყვების მნიშვნელობა. მას ვერ გაუთავისებია კარგად, გუბერნატორია, თუ ისევ პროკურატურაში მუშაობს. თავიდანვე თქვა, რომ მე გადაწყვეტილი მაქვს, რაც უნდა ვქნა და თქვენი აზრი არ მაინტერესებსო.. თავად იქნება იმაზე პასუხისმგებელი, უბედურება რომ დატრიალდეს შენობასთან დაკავშირებით” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი.
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ხელისუფლებას განცხადებით მოუწოდებს, რომ შენობის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხით კულტურის სახლი სხვა ადგილზე აშენდეს, ხოლო სადაო შენობა მუსლიმ მოსახლეობას გადაეცეს.
ჯამბულ აბულაძის ბრალდებებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი უარყოფს. აკაკი მაჭუტაძე ამბობს , რომ დაშინებას ან შეურაცხმყოფელ ქმედებებს შეხვედრაზე ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, შეთანხმება ორმხრივი იყო. მუსლიმმა მხარემ უარი მხოლოდ ინტერნეტ–ბიბლიოთეკის განთავსებაზე განაცხადა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ.
,,კრიმინალურ გარჩევას ადგილი არ ჰქონია. საუბარი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, იმპერატიული ტონით იქ არავის უსაუბრია. მე მათ შევთავაზე ინტერნეტ ბიბლიოთეკის გაკეთება, მაგრამ უარი თქვეს. საბოლოოდ, შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება გადაწყდა. ეს იმის დასტურია, რომ მე მათი აზრი გავითვალისწინე”.
შეხვედრა, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამის შესახებ საუბრობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძის თქმით, საკითხი სენსიტიურია და შეთანხმებაც მიღწეულია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხეში მუსლიმმა მრევლმა აქციების გამართვა 12 სექტემბრიდან დაიწყო. ისინი სოფელში არსებული შენობის კულტურის სახლად გადაკეთებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თავდაპირველად ტერიტორიაზე მეჩეთი იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟი კი მათ სიწმინდეს შეურაცხყოფს.
ადგილობრივი მართლმადიდებლების მტკიცებით, კი სადავო შენობის ადგილზე საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სალოცავი ფუნქციონირებდა.