საქართველო სრულიად მუსლიმთა მუფთის ჯემალ პაქსაძის წინააღმდეგ მუსლიმმა მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო – ამის შესახებ “მეცხრე არხთან” ჭელის მეჩეთის წინამძღვარი აცხადებს. ჯამბულ აბულაძის თქმით, პაქსაძე მთავრობასთან გარიგებებში მონაწილეობს, “იგი სახელმწიფოსაც ატყუებს და ხალხსაც”. მუსლიმების პრობლემების მოგვარებას პაქსაძე ვეღარ შეძლებს. “. ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ ამის ნათელი მაგალითი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებია, რომლითაც სრულიად მუსლიმთა მუფთი არც კი დაინტერესდა.
“ხალხი პასუხს სთხოვს, მაგრამ ჯემალ პაქსაძე პასუხს თავს არიდებს და არც მოსახლეობას ხვდება” – აცხადებს ჯამბულ აბულაძე.
აბულაძის მტკიცებით, საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი მრევლს მოხეში, მეჩეთის გადაცემას წინასაარჩევნოდ დაპირდა:
“ჩამოვიდა და დაგვპირდა, რომ მეჩეთი იქნებოდა ჩვენი. ჯემალ პაქსაძემ გვითხრა, რომ ეს მეჩეთი არის თქვენი და როგორც კი არჩევნები დასრულდება გადმოგეცემათ, ოღონდ კი ხმა “ქართულ ოცნებას” მიეცითო. ბინძური თამაშებისთვის იყენებენ ადამიანებს.. ამაზე პასუხს ჯემალ პაქსაძე აგებს”.
ჯამბულ აბულაძის თქმით, ხელისუფლება სოფელ მოხეში მცხოვრებ მართლმადიდებელ ადამიანებსაც იყენებს.
“იყენებენ, როგორც იქ მცხოვრებ მუსლიმებს, ასევე მართლმადიდებლებსაც.. თუ კლუბი გვჭირდება, შენობების მეტი რა არის? ჩვენ ხომ კომუნისტები, ბოლშევიკები არ ვართ? ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ძალიან დიდი ცოდვაა” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი.
მისივე თქმით, რეგიონის მუფთებს დოკუმენტზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს. “მეცხრე არხის კითხვაზე – რა დოკუმენტზეა საუბარი – ჯამბულ აბულაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის გასაჯაროვებას ჯერ სამუფთო სამმართველოსგან ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ისინი დოკუმენტს არ გაასაჯაროვებენ, ინფორმაციას ამის შესახებ უახლოეს დღეებში თავად გაავრცელებს.
ჯემელ პაქსაძესთან დაკავშირებას “მეცხრე არხი” ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.