ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს.
როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება ისინი, 10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.
ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა მიმდინარე მოვლენებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საქმე სათანადოდ ვერ გამოიძია და სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები.
აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება სხვადსხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ადგილზე იმყოფება სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებისაგან, სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის აღდგენა–რეაბილიტაციას მოითხოვს.
სოფელ მოხის ცენტრში ამ დროისათვის, 70–მდე ადგილობრივი და მიმდებარე სოფლებიდან, მუსლიმი მოსახლეობაა შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში,
მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის
შესასვლეთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარზე ჩამოკიდეს. ასევე,
ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად ქუჩა
გადაკეტა.
აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის
გამოვლინებად შეფასდა და მკაცრად დაიგმო.
ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს.