წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ოფისების წინ რიგითი მოქალაქეებისთვის ავტომობილების პარკირება შეიზღუდა. ტერიტორიაზე მანქანებს, მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერები აჩერებენ.
ამ ფაქტმა ახალციხელი მძღოლების უკმაყოფილება გამოიწივია. მოქალაქეთა ნაწილის თქმით, ავტომობილებით ისედაც გადატვირთულ ქალაქში პარკინგისთვის ადგილის წინასწარ დაკავება გამაღიზიანებელია. ზოგიერთები კი ამაში პრობლემას ნაკლებად ხედავენ.
მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ავტოსადგომების დაჯავშნა არასწორად მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თვლის, რომ ქალაქში სადაც ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს, არ შეიძლება ავტომობილის პარკირების უპირატესობა რომელიმე პოლიტიკურ ძალას მიენიჭოს.
ავტოსადგომების წინასწარ დაკავება არასწორად მიაჩნია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატსაც. ივანე გვარამაძე ამბობს, რომ ქალაქში ავტომობილების პარკირების საკითხი ისედაც პრობლემას წარმოადგენს.
„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ქალაქში ავტომობილების პარკირებისას თანხას არავინ იხდის, შესაბამისად, გამონაკლისს არც თავად წარმოადგენს. ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, ავტომობილების სიმრავლის გამო ოფისის მიმდებარედ მანქანის გაჩერება სხვაგვარად შეუძლებელია.
ახალციხეში „ქართული ოცნება“ სამ შენობაშია განლაგებული. აქედან ორი ოფისის წინ ავტოსადგომები, პირველი პირებისთვის და მხარდამჭერებისთვის, მთელი დღის განმავლობაშია შენახული.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.